logo
ENG



"უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე" - დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

15 მაი 202315:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/15/c3blppsbwslsu45.jpg

დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის უკანა ეზოში რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობა საქართველოს ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და თავად ქვეყნის დასანქცირებას გამოიწვევს.

"საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება. ქართველი მეომრები იბრძვიან უკრაინელების მხარდამხარ და სიცოცხლეს სწირავენ საქართველოს და უკრაინის თავისუფლებას, უკრაინაში დაფრინავენ რუსული რაკეტები, ანადგურებენ ქალაქებს და მშვიდობიან მოსახლეობას, უკრაინელი ხალხი საკუთარი სისხლის ფასად იცავს თითოეულ გოჯ მიწას და მედგარ წინააღმდეგობას უწევს დამპყრობელს, ყოველივე ამის ფონზე საქართველოს ხელისუფლება აპირებს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზატორები მიუთითებენ იმაზე, რომ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთს, მათ შორის სატრანსპორტო შეზღუდვების, მიმართულებით, კერძოდ
რუსული ავიახაზებისა და რუსეთში რეგისტრირებული თვითმფრინავებისათვის დაიკეტა ევროკავშირის საჰაერო სივრცე, ასევე, შეიზღუდა ექსპორტი.

"სანქცირებული კომპანიების საჰაერო ხომალდების მიღება და ამ კომპანიებთან თანამშრომლობა გამოიწვევს საქართველოს ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და თავად ქვეყნის დასანქცირებას - ანუ იგივე რეჟიმში მოქცევას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვეღარ შეძლებთ გაფრინდეთ ევროპულ ქვეყნებში, რადგან საქართველოს აეროპორტიც მოექცევა სანქციების ქვეშ. ავიაკომპანიები, რომლებიც ოპერირებას განახორციელებენ საქართველოში - ვეღარ მიიღებენ საჰაერო ტექნიკის სათადარიგო ნაწილებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან, ანუ დღეიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.


close დახურვა